ქვემოთ მოცემულია საარბიტრაჟო დათქმების რეკომენდებული ფორმულირებები. გთხოვთ, ტექსტის გამოყენებამდე გაითვალისწინოთ კონკრეტული ხელშეკრულებისა და სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებები.
რეკომენდებული სტანდარტული საარბიტრაჟო დათქმა
ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ხელშეკრულების დადებასთან, არსებობასთან, ნამდვილობასთან, განმარტებასთან, შესრულებასთან, შეუსრულებლობასთან, დარღვევასთან, ცვლილებასთან, შეჩერებასთან, მოშლასთან, შეწყვეტასთან ან ბათილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, საბოლოოდ გადაწყდება არბიტრაჟის გზით, შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406189137) მიერ, საარბიტრაჟო წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი საარბიტრაჟო რეგლამენტის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებასთან, მის შესრულებასთან და მისგან წარმოშობილ ან მასთან დაკავშირებულ დავასთან მიმართებით წერილობითი კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმითაც, მათ შორის მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაში ან შემდგომ წერილობით მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.
მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული საარბიტრაჟო სარჩელი, შესაგებელი, განცხადება, შუამდგომლობა, შეტყობინება, დოკუმენტი, მტკიცებულება და სხვა კორესპონდენცია შეიძლება გაიგზავნოს და მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის ან პალატის მიერ განსაზღვრული სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, საარბიტრაჟო რეგლამენტით დადგენილი წესით.
რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმა შრომითი დავებისთვის
წინამდებარე შრომითი ხელშეკრულებიდან ან მხარეთა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სადავო საკითხი, დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრება, შესაბამისი ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შრომის ანაზღაურება და სახელფასო დავალიანება, ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება, სამუშაო და დასვენების დრო, შვებულება და შვებულების ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, დანამატი, პრემია, ბონუსი, საკომისიო, მივლინების ხარჯები, კომპენსაცია, პირგასამტეხლო, მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება, სხვა სახელფასო ან ქონებრივი სარგებელი, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულება ან შეუსრულებლობა, სამუშაოს შესრულების პირობები, შრომითი ხელშეკრულების ან მისი ცალკეული პირობის/პუნქტის/მუხლის ნამდვილობა ან ბათილობა, შრომითი ხელშეკრულების ცვლილება, შეჩერება, მოშლა ან შეწყვეტა, დისციპლინური პასუხისმგებლობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ანგარიშსწორება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარება, თანხის დაკისრება და ნებისმიერი სხვა საკითხი ან მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე შრომითი ხელშეკრულებიდან, მხარეთა შრომითი ურთიერთობიდან ან საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან, საბოლოოდ გადაწყდება არბიტრაჟის გზით შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406189137) მიერ, საარბიტრაჟო წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი საარბიტრაჟო რეგლამენტის შესაბამისად.