შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატა“

შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატა“-ს

საარბიტრაჟო რეგლამენტი

 



 თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

თავი II. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი პრინციპები

მუხლი 2. ზოგადი პრინციპები

მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების პრინციპები

მუხლი 4. რეგლამენტის მოქმედება და გამოსაყენებელი სამართალი

მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

მუხლი 51. საარბიტრაჟო წარმოების ენა

მუხლი 6. საპროცესო ვადები

მუხლი 7. კონფიდენციალურობა

თავი III. არბიტრის დანიშვნა, აცილება და უფლებამოსილების შეწყვეტა

მუხლი 8. არბიტრის დანიშვნა

მუხლი 9. არბიტრისათვის წაყენებული მოთხოვნები

მუხლი 10. არბიტრთა სია

მუხლი 11. არბიტრის აცილება

მუხლი 12. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

თავი IV. შეტყობინება და უწყების ჩაბარება

მუხლი 13. შეტყობინება და უწყების ჩაბარება

თავი V. საარბიტრაჟო წარმოების დაწყება

მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელი

მუხლი 15. სარჩელის მიღება

მუხლი 16. შესაგებელი

მუხლი 17. შეგებებული სარჩელი

თავი VI. საქმის განხილვა

მუხლი 18. არბიტრაჟის კომპეტენცია

მუხლი 19. საარბიტრაჟო განხილვის ზოგადი წესები

მუხლი 20. ზეპირი მოსმენა

მუხლი 21. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე

მუხლი 22. მტკიცებულებები

მუხლი 23. მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი

მუხლი 24. სარჩელის უზრუნველყოფა

მუხლი 25. წარმოების შეჩერება

თავი VII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

მუხლი 26. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

მუხლი 27. გადაწყვეტილების შესწორება, განმარტება და დამატებითი გადაწყვეტილება

თავი VIII. საარბიტრაჟო წარმოების დასრულება

მუხლი 28. წარმოების შეწყვეტა

მუხლი 29. სარჩელის განუხილველად დატოვება

თავი IX. საარბიტრაჟო ხარჯები

მუხლი 30. საარბიტრაჟო ხარჯები

თავი X. დასკვნითი დებულებები

მუხლი 31. დასკვნითი დებულებები

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

1.1. თუ ამ რეგლამენტით ან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საარბიტრაჟო ინსტიტუტი – შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატა“, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება;

ბ) არბიტრაჟი – ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს დავა;

გ) არბიტრი – ფიზიკური პირი, რომელიც ამ რეგლამენტისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს დავა;

დ) საარბიტრაჟო კოლეგია – სამი არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო შემადგენლობა;

ე) საარბიტრაჟო შეთანხმება – „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მხარეთა შეთანხმება;

ვ) მხარე – საარბიტრაჟო შეთანხმების მონაწილე პირი, რომელიც საარბიტრაჟო წარმოებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით;

ზ) მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე;

თ) საარბიტრაჟო სარჩელი – მხარის მიერ საარბიტრაჟო ინსტიტუტში წარდგენილი მოთხოვნა, რომლითაც იწყება საარბიტრაჟო წარმოება;

ი) საარბიტრაჟო განხილვა – ამ რეგლამენტის შესაბამისად განხორციელებული საარბიტრაჟო წარმოება;

კ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება – არბიტრაჟის მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის მიზნით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება;

ლ) დადგენილება – არბიტრაჟის მიერ მიღებული საპროცესო გადაწყვეტილება, რომელიც არ წყვეტს დავას არსებითად;

მ) თავმჯდომარე – შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატის“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

ნ) კანცელარია – საარბიტრაჟო ინსტიტუტის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქმის ადმინისტრირებასა და დოკუმენტბრუნვას;

ო) საარბიტრაჟო მოსაკრებელი – ამ რეგლამენტითა და მისი დანართით განსაზღვრული თანხა, რომელიც გადაიხდება საარბიტრაჟო წარმოების განხორციელებისათვის;

პ) რეგლამენტი – შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატის“ საარბიტრაჟო რეგლამენტი.

თავი II. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი პრინციპები

მუხლი 2. ზოგადი პრინციპები

2.1. შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატა“ განიხილავს საარბიტრაჟო შეთანხმებიდან გამომდინარე კერძოსამართლებრივ დავებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.2. საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება მხარეთა შეთანხმების, ამ რეგლამენტისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს ამ რეგლამენტისგან განსხვავებულ პროცედურულ წესს, უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიულ ნორმებს.

2.3. მხარე უფლებამოსილია საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

2.4. არბიტრაჟი დავას წყვეტს მხარეთა მიერ არჩეული მატერიალური სამართლის საფუძველზე, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.5. ამ რეგლამენტით გაუთვალისწინებელ პროცედურულ საკითხებს არბიტრაჟი წყვეტს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2.6. სასამართლოში საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენა თავისთავად არ იწვევს საარბიტრაჟო წარმოების შეჩერებას, თუ კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.7. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ძირითადი ხელშეკრულების ნაწილია, ძირითადი ხელშეკრულების ბათილობა, შეწყვეტა ან ძალადაკარგულობა თავისთავად არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას ან ძალადაკარგულობას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების ფუნდამენტური პრინციპები

3.1. საარბიტრაჟო წარმოება იწყება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

3.2. საარბიტრაჟო წარმოება ხორციელდება მხოლოდ მოქმედი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე.

3.3. მხარეები თავისუფლად განკარგავენ თავიანთ მატერიალურ და საპროცესო უფლებებს. მათ უფლება აქვთ შეცვალონ ან გამოიხმონ სარჩელი, ცნონ სასარჩელო მოთხოვნა, დადონ მორიგება და განახორციელონ კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საპროცესო მოქმედებები.

3.4. საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანი განხილვის პრინციპების დაცვით. თითოეულ მხარეს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი პოზიცია, მტკიცებულებები, შუამდგომლობები და მოსაზრებები.

3.5. საქმის სრულყოფილი, ობიექტური და ეფექტიანი განხილვის მიზნით არბიტრაჟი უფლებამოსილია, ამ რეგლამენტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს საქმის განხილვისათვის აუცილებელი საპროცესო ზომები.

მუხლი 4. რეგლამენტის მოქმედება და გამოსაყენებელი სამართალი

4.1. საარბიტრაჟო წარმოებისას გამოიყენება ამ რეგლამენტის ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო წარმოების დაწყების მომენტისათვის, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.2. დავის განხილვისა და გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, საარბიტრაჟო შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით.

4.3. თუ სადავო ურთიერთობას უშუალოდ არ აწესრიგებს შესაბამისი სამართლის ნორმა, არბიტრაჟი იყენებს კანონის ანალოგიას, ხოლო მისი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში – სამართლის ზოგად პრინციპებს.

მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

5.1. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის ადგილად მიიჩნევა საარბიტრაჟო ინსტიტუტის ადგილსამყოფელი.

5.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია, მხარეთა თანხმობით, სხდომა, ზეპირი მოსმენა ან სხვა საპროცესო მოქმედება ჩაატაროს სხვა ადგილზე ან დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, თუ დაცულია მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანი განხილვის პრინციპები.

მუხლი 51. საარბიტრაჟო წარმოების ენა

5¹.1. მხარეები უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების ერთ ან რამდენიმე ენაზე.

5¹.2. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო წარმოების ენაა ქართული, თუ არბიტრაჟი, საქმის გარემოებების, მათ შორის ხელშეკრულების ენის, მხარეთა პოზიციების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დავის ხასიათის გათვალისწინებით, სხვა ენას არ განსაზღვრავს.

5¹.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეს მოსთხოვოს უცხო ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტის ან სხვა მტკიცებულების ქართულ ენაზე ან საარბიტრაჟო წარმოების სხვა განსაზღვრულ ენაზე სრულად ან ნაწილობრივ თარგმნა.

5¹.4. თუ საარბიტრაჟო წარმოება მიმდინარეობს ერთზე მეტ ენაზე, არბიტრაჟი უფლებამოსილია განსაზღვროს დოკუმენტების წარდგენის, თარგმნის, ზეპირი მოსმენისა და საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში სხვა კომუნიკაციისათვის გამოსაყენებელი ენის წესი.

5¹.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია განსაზღვროს, რომელი მხარე უზრუნველყოფს დოკუმენტის თარგმნას ან თარჯიმნის მომსახურებას და როგორ განაწილდება ამასთან დაკავშირებული ხარჯები, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან.

მუხლი 6. საპროცესო ვადები

6.1. ამ რეგლამენტით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული ვადის დინება იწყება შესაბამისი მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.2. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა იწურება მომდევნო სამუშაო დღეს.

მუხლი 7. კონფიდენციალურობა

7.1. საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტები და საქმის მასალები კონფიდენციალურია. არბიტრები, მხარეები, მათი წარმომადგენლები, ექსპერტები, სპეციალისტები, თარჯიმნები, საარბიტრაჟო ინსტიტუტის თანამშრომლები და სხვა პროცესის მონაწილეები ვალდებულნი არიან დაიცვან მათთვის ცნობილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

7.2. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ:

ა) მხარეთა წერილობითი თანხმობით;

ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასთან, აღსრულებასთან, გასაჩივრებასთან ან კანონით გათვალისწინებულ სხვა სამართლებრივ პროცედურასთან დაკავშირებით.

თავი III. არბიტრის დანიშვნა, აცილება და უფლებამოსილების შეწყვეტა

მუხლი 8. არბიტრის დანიშვნა

8.1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავას განიხილავს ერთპიროვნული არბიტრი, რომელსაც ნიშნავს საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარე.

8.2. საქმის სირთულის, დავის ხასიათის ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოების, აგრეთვე მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, დავა შეიძლება განიხილოს სამი არბიტრისაგან შემდგარმა საარბიტრაჟო კოლეგიამ.

8.3. თუ დავას განიხილავს სამი არბიტრი, თითოეული მხარე ნიშნავს თითო არბიტრს, ხოლო მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრები შეთანხმებით ირჩევენ საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს. მხარის მიერ არბიტრის დადგენილ ვადაში დაუსახელებლობის, ხოლო მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრების მიერ საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარის არჩევაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შესაბამის არბიტრს ან საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს ნიშნავს შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატის“ თავმჯდომარე, ამ რეგლამენტის 8.4 პუნქტით დადგენილი წესით.

8.4. არბიტრი შეიძლება შეირჩეს შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატის“ არბიტრთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთაგან. მხარე უფლებამოსილია არბიტრად დაასახელოს აგრეთვე პალატის არბიტრთა რეესტრში არარეგისტრირებული პირი, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე რეგლამენტით არბიტრისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში პალატა ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას აღნიშნულ მოთხოვნებთან.

8.5. წარმომადგენლის მიერ არბიტრის დანიშვნა დასაშვებია კანონით დადგენილი წესით დადასტურებული უფლებამოსილების საფუძველზე.

მუხლი 9. არბიტრისათვის წაყენებული მოთხოვნები

9.1. არბიტრად შეიძლება დაინიშნოს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტითა და მხარეთა შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს.

9.2. არბიტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და თავისუფალი ნებისმიერი ისეთი გარემოებისაგან, რომელმაც შეიძლება წარმოშვას ობიექტურად დასაბუთებული ეჭვი მისი დამოუკიდებლობის ან მიუკერძოებლობის მიმართ.

9.3. არბიტრად დანიშნული პირი უფლებამოსილების მიღებამდე წერილობით ადასტურებს თანხმობას არბიტრად დანიშვნაზე და აცხადებს ყველა იმ გარემოებას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

9.4. არბიტრი ვალდებულია საარბიტრაჟო განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებსა და საარბიტრაჟო ინსტიტუტს ნებისმიერი ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი აცილების საფუძველი.

მუხლი 10. არბიტრთა სია

10.1. საარბიტრაჟო ინსტიტუტი აწარმოებს და აქვეყნებს სარეკომენდაციო არბიტრთა სიას.

10.2. მხარე უფლებამოსილია არბიტრი აირჩიოს როგორც აღნიშნული სიიდან, ისე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტითა და მხარეთა შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 11. არბიტრის აცილება

11.1. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტით ან სხვა გარემოებით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც ობიექტურად აჩენს ეჭვს არბიტრის დამოუკიდებლობასა ან მიუკერძოებლობაში.

11.2. პირი, რომელსაც სთავაზობენ არბიტრად დანიშვნას, ვალდებულია წინასწარ გაამჟღავნოს ნებისმიერი გარემოება, რომელმაც შეიძლება წარმოშვას ეჭვი მის დამოუკიდებლობასა ან მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

11.3. აცილების შესახებ განცხადება საარბიტრაჟო ინსტიტუტს წარედგინება წერილობით, აცილების საფუძვლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 15 დღის ვადაში.

11.4. აცილების საკითხი წყდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 12. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

12.1. არბიტრის უფლებამოსილება წყდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მისი გადადგომის, აცილების დაკმაყოფილების ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.

12.2. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი ინიშნება იმავე წესით, რომელიც გამოყენებულ იქნა შესაცვლელი არბიტრის დანიშვნისას.

12.3. არბიტრის შეცვლა თავისთავად არ იწვევს საარბიტრაჟო წარმოების თავიდან დაწყებას, თუ არბიტრაჟი, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

თავი IV. შეტყობინება და უწყების ჩაბარება

მუხლი 13. შეტყობინება და უწყების ჩაბარება

13.1. საარბიტრაჟო ინსტიტუტი მხარეებთან და საარბიტრაჟო წარმოების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობისას უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით ან ამ რეგლამენტით დაშვებული კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება, მათ შორის: ფოსტა, კურიერი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული პლატფორმა ან სხვა ტექნიკური საშუალება.

13.2. წერილობითი შეტყობინება ან უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი პირადად ჩაბარდა ადრესატს ან გაიგზავნა მის მიერ მითითებულ, ან საარბიტრაჟო ინსტიტუტისათვის ცნობილ იურიდიულ, ფაქტობრივ, საცხოვრებელ, სამუშაო ან ელექტრონულ მისამართზე ისეთი საშუალებით, რომელიც ადასტურებს გაგზავნას, ჩაბარებას ან ჩაბარების მცდელობას.

13.3. ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების გაგზავნა ან ჩაბარება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მიღებული დადასტურებით, ელექტრონული ჩანაწერით ან საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ შედგენილი აქტით.

13.4. საარბიტრაჟო ინსტიტუტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს შეტყობინების გაგზავნის ფორმას, მისამართსა და კომუნიკაციის საშუალებას და არ არის ვალდებული გამოიყენოს შეტყობინების ყველა შესაძლო ფორმა ან დაიცვას მათი გამოყენების თანმიმდევრობა.

13.5. თუ შეტყობინების პირველადი გაგზავნისას მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, საარბიტრაჟო ინსტიტუტი უფლებამოსილია იგი განმეორებით გაგზავნოს იმავე ან მისთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით.

13.6. თუ ადრესატი უარს აცხადებს შეტყობინების მიღებაზე, თავს არიდებს მის მიღებას ან მისი ჩაბარება ვერ ხერხდება ადრესატის მიზეზით, შესაბამისი დადასტურების არსებობის შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება.

13.7. მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობონ საარბიტრაჟო ინსტიტუტს საკონტაქტო მონაცემების ან მისამართის ცვლილების შესახებ. ასეთი შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო ინსტიტუტისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე ან ელექტრონულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება სათანადოდ ჩაბარებულად.

13.8. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის შეტყობინების ჩაბარება სხვა საშუალებით შეუძლებელია, საარბიტრაჟო ინსტიტუტი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საჯარო შეტყობინების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება საარბიტრაჟო ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ინფორმაციის სხვა საჯარო საშუალებით. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.

13.9. ზეპირ მოსმენაზე ან სხვა საპროცესო მოქმედებაზე გამოძახების შესახებ უწყება უნდა შეიცავდეს:

ა) საარბიტრაჟო ინსტიტუტის სახელწოდებას;

ბ) საქმის ნომერსა და დავის საგანს;

გ) დაბარებული პირის ვინაობასა და პროცესუალურ სტატუსს;

დ) გამოცხადების დროს, ადგილს ან დისტანციური მონაწილეობისათვის საჭირო მონაცემებს;

ე) გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს.

თავი V. საარბიტრაჟო წარმოების დაწყება

მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელი

14.1. საარბიტრაჟო წარმოება იწყება საარბიტრაჟო სარჩელის საარბიტრაჟო ინსტიტუტში წარდგენით.

14.2. საარბიტრაჟო სარჩელი წარედგინება წერილობით, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

14.3. საარბიტრაჟო სარჩელი უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეთა და მათი წარმომადგენლების (არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს;

ბ) მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;

გ) დავის საგანს, სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფასს, თუ იგი შეფასებადია;

დ) მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს;

ე) მტკიცებულებებს ან მათ ჩამონათვალს;

ვ) მხარის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას.

14.4. საარბიტრაჟო სარჩელს უნდა დაერთოს:

ა) საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი;

გ) სხვა დოკუმენტები, რომლებსაც მოსარჩელე ეყრდნობა თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად.

14.5. საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი ფორმითა და რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მათი მეორე მხარისათვის გადაცემას.

მუხლი 15. საარბიტრაჟო სარჩელის მიღება

15.1. საარბიტრაჟო ინსტიტუტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა საარბიტრაჟო სარჩელი ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

15.2. თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, საარბიტრაჟო ინსტიტუტი მოსარჩელეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

15.3. თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, საარბიტრაჟო ინსტიტუტი უფლებამოსილია დატოვოს საარბიტრაჟო სარჩელი განუხილველი. ეს არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, ხარვეზის გამოსწორების შემდეგ ხელახლა მიმართოს საარბიტრაჟო ინსტიტუტს, თუ კანონით, საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

15.4. საარბიტრაჟო სარჩელის მიღების შემდეგ საარბიტრაჟო ინსტიტუტი მის ასლსა და თანდართულ დოკუმენტებს უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს ვადას შესაგებლის წარსადგენად.

მუხლი 16. შესაგებელი

16.1. მოპასუხე უფლებამოსილია საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს წერილობითი შესაგებელი.

16.2. შესაგებელი უნდა შეიცავდეს:

ა) მოპასუხის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის მიმართ;

ბ) მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს;

გ) მტკიცებულებებს ან მათ ჩამონათვალს;

დ) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში.

16.3. თუ შესაგებელი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, არბიტრაჟი უფლებამოსილია მოპასუხეს განუსაზღვროს გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

16.4. შესაგებლის წარუდგენლობა ან ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობა არ აფერხებს საქმის განხილვას და არ ჩაითვლება სასარჩელო მოთხოვნის ცნობად. ასეთ შემთხვევაში არბიტრაჟი საქმეს განიხილავს წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.

მუხლი 17. შეგებებული სარჩელი

17.1. მოპასუხეს უფლება აქვს, შესაგებლის წარდგენის ვადაში ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში წარადგინოს შეგებებული სარჩელი.

17.2. შეგებებული სარჩელი მიიღება, თუ იგი გამომდინარეობს იმავე ან ურთიერთდაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობიდან და მისი ერთობლივი განხილვა ხელს შეუწყობს დავის სწრაფ, ეფექტიან და სამართლიან გადაწყვეტას.

17.3. შეგებებულ სარჩელზე ვრცელდება ამ რეგლამენტით საარბიტრაჟო სარჩელისათვის დადგენილი წესები.

თავი VI. საქმის განხილვა

მუხლი 18. არბიტრაჟის კომპეტენცია

18.1. არბიტრაჟი უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს თავისი კომპეტენციის საკითხი, მათ შორის, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და მოქმედების შესახებ.

18.2. კომპეტენციის არარსებობის შესახებ განცხადება მხარემ უნდა წარადგინოს არაუგვიანეს შესაგებლის წარდგენისა, თუ არბიტრაჟი საპატიო მიზეზის არსებობის გამო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

18.3. არბიტრაჟის მიერ კომპეტენციის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 19. საარბიტრაჟო განხილვის ზოგადი წესები

19.1. საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და სამართლიანი განხილვის პრინციპების დაცვით. თითოეულ მხარეს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა წარადგინოს განმარტებები, მტკიცებულებები და შუამდგომლობები.

19.2. არბიტრაჟი დამოუკიდებლად განსაზღვრავს საქმის განხილვის პროცედურას, თუ კანონით, საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

19.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია განსაზღვროს პროცედურული კალენდარი, დაადგინოს საპროცესო ვადები და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეცვალოს ისინი.

მუხლი 20. ზეპირი მოსმენა

20.1. საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ზეპირი მოსმენით, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

20.2. არბიტრაჟი წინასწარ ატყობინებს მხარეებს ზეპირი მოსმენის დროს, ადგილსა და ფორმას.

20.3. მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, არბიტრაჟი უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა, თუ მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სამართლიანი განხილვისათვის.

20.4. მხარის გამოუცხადებლობა, თუ იგი სათანადოდ იყო შეტყობინებული არ აფერხებს საქმის განხილვას, თუ არბიტრაჟი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

მუხლი 21. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე

21.1. მხარეებს უფლება აქვთ წერილობით შეთანხმდნენ, რომ დავა განიხილოს და გადაწყდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, მხოლოდ წერილობით წარმოდგენილი განმარტებების, მტკიცებულებებისა და საქმის სხვა მასალების საფუძველზე.

21.2. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, საარბიტრაჟო ინსტიტუტის მეშვეობით, წერილობით შესთავაზოს სხვა მხარეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

21.3. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დასაშვებია მხოლოდ ყველა მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

21.4. მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, არბიტრაჟი უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა, თუ მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სამართლიანი განხილვისათვის.

მუხლი 22. მტკიცებულებები

22.1. თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს.

22.2. არბიტრაჟი განსაზღვრავს მტკიცებულებების დასაშვებობას, რელევანტურობას, სანდოობასა და მტკიცებით ძალას.

22.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა.

მუხლი 23. მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი

23.1. არბიტრაჟი უფლებამოსილია დაკითხოს მოწმე, დანიშნოს ექსპერტი ან მოიწვიოს სპეციალისტი, თუ ამას საქმის სრულყოფილი განხილვა მოითხოვს.

23.2. მხარე უფლებამოსილია წარადგინოს ექსპერტის დასკვნა ან იშუამდგომლოს ექსპერტის დანიშვნის შესახებ.

23.3. ექსპერტი და სპეციალისტი ვალდებულნი არიან დაიცვან მათთვის ცნობილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

მუხლი 24. სარჩელის უზრუნველყოფა

24.1. მხარის შუამდგომლობით არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, თუ არსებობს მათი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

24.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 25. საარბიტრაჟო წარმოების შეჩერება

25.1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ ამას მოითხოვს საქმის სწორი და სამართლიანი გადაწყვეტა.

25.2. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ არბიტრაჟი განაახლებს საქმის განხილვას.

25.3. შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება საარბიტრაჟო განხილვის ვადაში.

თავი VII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

მუხლი 26. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

26.1. არბიტრაჟი გადაწყვეტილებას იღებს საარბიტრაჟო განხილვის დასრულების შემდეგ, ამ რეგლამენტით, კანონით ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში.

26.2. კოლეგიური არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს კენჭისყრისაგან.

26.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დგება წერილობით, ხელს აწერს არბიტრი (არბიტრები) და უნდა შეიცავდეს:

ა) გადაწყვეტილების მიღების თარიღსა და ადგილს;

ბ) არბიტრაჟის შემადგენლობას;

გ) მხარეთა ვინაობას;

დ) დავის საგანს;

ე) სამოტივაციო ნაწილს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან;

ვ) სარეზოლუციო ნაწილს;

ზ) გადაწყვეტილების შესრულების ვადას, თუ ასეთი განსაზღვრულია.

26.4. გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლი გადაეცემა თითოეულ მხარეს.

26.5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეთათვის და აღსრულდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 27. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება, განმარტება და დამატებითი გადაწყვეტილება

27.1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს არბიტრაჟს:

ა) აშკარა ტექნიკური, არითმეტიკული ან სხვა მსგავსი შეცდომის გასწორების;

ბ) გადაწყვეტილების განმარტების;

გ) დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით იმ საკითხზე, რომელიც განხილული იყო, მაგრამ გადაწყვეტილებაში არ ასახულა.

27.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც გაასწოროს აშკარა ტექნიკური, არითმეტიკული ან სხვა მსგავსი შეცდომა.

27.3. ამ მუხლის საფუძველზე მიღებული შესწორება, განმარტება ან დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს.

თავი VIII. საარბიტრაჟო წარმოების დასრულება

მუხლი 28. საარბიტრაჟო წარმოების შეწყვეტა

28.1. არბიტრაჟი წყვეტს საქმის წარმოებას, თუ:

ა) მოსარჩელე უარს აცხადებს სარჩელზე და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ გააჩნია დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი;

ბ) მხარეები მორიგდნენ;

გ) დავის საგანი აღარ არსებობს;

დ) უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია;

ე) საქმის გაგრძელება სხვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზით შეუძლებელია.

28.2. მხარეთა მორიგების შემთხვევაში არბიტრაჟი, მხარეთა მოთხოვნით, ამტკიცებს მორიგებას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ან დადგენილებით, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 29. სარჩელის განუხილველად დატოვება

29.1. არბიტრაჟი სარჩელს განუხილველად ტოვებს კანონით, ამ რეგლამენტით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში.

29.2. სარჩელის განუხილველად დატოვება არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას, შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ ხელახლა მიმართოს არბიტრაჟს, თუ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

29.3. სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში არბიტრაჟი იღებს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დადგენილებას.

თავი IX. საარბიტრაჟო ხარჯები

მუხლი 30. საარბიტრაჟო ხარჯები

30.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს წარმოადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი, წარმომადგენლის, ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, მტკიცებულებათა მოპოვებისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ხარჯები.

30.2. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა, გადახდის წესი და საარბიტრაჟო ხარჯების განაწილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართი №1-ით, რომელიც წარმოადგენს რეგლამენტის განუყოფელ ნაწილს.

თავი X. დასკვნითი დებულებები

მუხლი 31. დასკვნითი დებულებები

31.1. ამ რეგლამენტით გაუთვალისწინებელ საკითხებზე გამოიყენება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.

31.2. საარბიტრაჟო რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები მტკიცდება საარბიტრაჟო ინსტიტუტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ, თუ შესაბამისი გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

31.3. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები არ ვრცელდება იმ საარბიტრაჟო წარმოებაზე, რომელიც დაიწყო მათი ძალაში შესვლამდე, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.

31.4. რეგლამენტის რომელიმე დებულების ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს რეგლამენტის სხვა დებულებების ბათილობას, თუ დარჩენილი დებულებების საფუძველზე შესაძლებელია საარბიტრაჟო წარმოების განხორციელება.

31.5. საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვით. არბიტრები ვალდებულნი არიან საარბიტრაჟო განხილვისას დაიცვან აღნიშნული ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.

31.6. თუ სასამართლო გააუქმებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ან უარს იტყვის მის ცნობასა და აღსრულებაზე იმ საფუძვლით, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია, საარბიტრაჟო ინსტიტუტი უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, განაახლოს საარბიტრაჟო წარმოება, აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი და კანონით დადგენილი წესით მიიღოს ახალი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

31.7. ამ მუხლის 31.6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვის ვადა განახლდება საქმის ხელახალი წარმოების დაწყების დღიდან, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

31.8. ეს რეგლამენტი ძალაში შედის საარბიტრაჟო ინსტიტუტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების შემდეგ.


შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატა“ რეგლამენტის

დანართი N1

მუხლი 1. დანართის იურიდიული ძალა

1.1. შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატის“ (შემდგომში – საარბიტრაჟო ინსტიტუტი) მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტისათვის დაწესებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება ამ დანართით, რომელიც წარმოადგენს საარბიტრაჟო რეგლამენტის განუყოფელ ნაწილს.

1.2. წინამდებარე დანართი მტკიცდება საარბიტრაჟო რეგლამენტთან ერთად საარბიტრაჟო ინსტიტუტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

1.3. თუ მხარეს ეგზავნება საარბიტრაჟო რეგლამენტი, მასთან ერთად იგზავნება წინამდებარე დანართიც.

მუხლი 2. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა

2.1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო სარჩელისათვის განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

დავის საგნის ღირებულება ლარებში

საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ლარებში

0-10 000 (ზეპირი მოსმენის გარეშე)

250 ლარი

0-100 000

2%, მაგრამ არანაკლებ 800 ლარისა

100 001-500 000

1,8%

500 001- დან

1.5 %

მაგრამ არა უმეტეს 30,000 ლარისა

შრომით დავებზე

2%, მაგრამ არანაკლებ 1200 ლარისა

2.2. ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში მოსაკრებელი განისაზღვრება იმ ხელშეკრულების ღირებულების მიხედვით, რომლის ბათილობასაც ითხოვს მოსარჩელე.

2.3. თუ მოთხოვნა შეეხება იპოთეკის, გირავნობის ან თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მოსაკრებელი განისაზღვრება იმ ძირითადი ვალდებულების ღირებულების მიხედვით, რომლის უზრუნველყოფასაც ემსახურება შესაბამისი ხელშეკრულება.

2.4. თუ დავის საგნის ფულადი შეფასება შეუძლებელია, საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს 3000 ლარს.

2.5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განცხადებისათვის საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს 150 ლარს.

2.6. საარბიტრაჟო მოსაკრებელი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დამატებული ღირებულების გადასახადს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის წესი

3.1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

3.2. საარბიტრაჟო სარჩელი, შეგებებული სარჩელი ან სხვა განცხადება, რომლის წარდგენისთვისაც დადგენილია მოსაკრებელი, განიხილება მხოლოდ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, თუ რეგლამენტით ან საარბიტრაჟო ინსტიტუტის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3.3. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული დავის ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის რეალურ ღირებულებას, საარბიტრაჟო ინსტიტუტი უფლებამოსილია განსაზღვროს სარჩელის ფასი მოსაკრებლის გამოანგარიშების მიზნით.

3.4. ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, ადგილზე დათვალიერების ან სხვა დამატებითი საპროცესო მოქმედების ხარჯს წინასწარ იხდის ის მხარე, რომელმაც შესაბამისი მოქმედების განხორციელება მოითხოვა, თუ არბიტრაჟი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

მუხლი 4. საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაბრუნების წესი

4.1. საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაბრუნება დასაშვებია ამ დანართითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4.2. თუ მოსარჩელე გამოიხმობს საარბიტრაჟო სარჩელს მოპასუხისთვის საარბიტრაჟო სარჩელისა და თანდართული მასალების გაგზავნამდე, მოსარჩელეს უბრუნდება ფაქტობრივად გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 70%.

4.3. თუ მოსარჩელე გამოიხმობს საარბიტრაჟო სარჩელს ან უარს იტყვის სარჩელზე მოპასუხისთვის საარბიტრაჟო სარჩელისა და თანდართული მასალების გაგზავნის შემდეგ, მაგრამ პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარებამდე, მოსარჩელეს უბრუნდება ფაქტობრივად გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%.

4.4. თუ საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ მუხლის 4.3 პუნქტით გათვალისწინებული 50%-იანი დაბრუნების წესი მოქმედებს არბიტრაჟის მიერ საქმის არსებით განხილვაზე გადასვლამდე.

4.5. პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების შემდეგ, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის შემთხვევაში — არბიტრაჟის მიერ საქმის არსებით განხილვაზე გადასვლის შემდეგ, საარბიტრაჟო სარჩელის გამოხმობის ან სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ დაბრუნდება.

4.6. მხარეთა მორიგების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაბრუნება განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) თუ მხარეები მორიგდებიან მოპასუხისთვის საარბიტრაჟო სარჩელისა და თანდართული მასალების გაგზავნამდე — მოსარჩელეს უბრუნდება გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 70%;

ბ) თუ მხარეები მორიგდებიან სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის გაგზავნის შემდეგ, მაგრამ პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარებამდე, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის შემთხვევაში — არბიტრაჟის მიერ საქმის არსებით განხილვაზე გადასვლამდე, მოსარჩელეს უბრუნდება გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%;

გ) პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების შემდეგ, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის შემთხვევაში — არბიტრაჟის მიერ საქმის არსებით განხილვაზე გადასვლის შემდეგ, მხარეთა მორიგების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ დაბრუნდება.

4.7. თუ საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში არ მიიღება პალატის კომპეტენციის არარსებობის, შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების არარსებობის ან სხვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც გამორიცხავს პალატის მიერ დავის განხილვას, მოსარჩელეს უბრუნდება ფაქტობრივად გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 70%.

4.8. თუ საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში არ მიიღება ან განუხილველად რჩება მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის ან მოსარჩელისათვის მიკუთვნებული სხვა გარემოების გამო, საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაბრუნება განისაზღვრება საქმის წარმოების იმ ეტაპის შესაბამისად, რომელზეც წარმოება დასრულდა, ამ მუხლით დადგენილი წესით.

4.9. თუ საარბიტრაჟო წარმოება შეწყდება ან სარჩელი განუხილველად დარჩება პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების შემდეგ, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის შემთხვევაში — არბიტრაჟის მიერ საქმის არსებით განხილვაზე გადასვლის შემდეგ, გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ დაბრუნდება, გარდა საარბიტრაჟო რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.10. საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაბრუნების საფუძვლისა და დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შპს „საფინანსო საარბიტრაჟო პალატა“, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი წარმოიშობა საარბიტრაჟო განხილვის ფარგლებში და მისი გადაწყვეტა არბიტრაჟის კომპეტენციას განეკუთვნება — არბიტრაჟი.

4.11. საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაბრუნება ხორციელდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, მოსაკრებლის გადამხდელის მიერ წერილობით მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

4.12. ამ მუხლით გათვალისწინებული დასაბრუნებელი თანხის ოდენობა გამოითვლება ფაქტობრივად გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლიდან.

4.13. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ის ნაწილი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაბრუნებას არ ექვემდებარება, რჩება პალატას საქმის რეგისტრაციასთან, ადმინისტრირებასთან და საარბიტრაჟო წარმოების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად და დამატებით გამოქვითვას არ ექვემდებარება, თუ მხარის მიერ ცალკე ანაზღაურებადი ფაქტობრივი ხარჯი არ წარმოშობილა საარბიტრაჟო რეგლამენტის შესაბამისად.

მუხლი 5. საარბიტრაჟო ხარჯები

5.1. საარბიტრაჟო ხარჯები მოიცავს:

საარბიტრაჟო მოსაკრებელს;

ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნისა და ადგილზე დათვალიერების ხარჯებს;

სხვა აუცილებელ საპროცესო ხარჯებს.

5.2. წარმომადგენლის მომსახურებისა და მხარის მიერ გაწეული სხვა აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი საბოლოო გადაწყვეტილებით.

5.3. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, საარბიტრაჟო ხარჯები ნაწილდება დაკმაყოფილებული და უარყოფილი მოთხოვნების პროპორციულად.

5.4. არბიტრაჟი უფლებამოსილია ხარჯების განაწილებისას გაითვალისწინოს მხარის პროცესუალური ქცევა, მათ შორის საქმის უსაფუძვლო გაჭიანურება ან დამატებითი ხარჯების წარმოშობა.